საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II ქართული ენის შესახებ

დღეს მინდა ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ფასეულობებზე, რომელთაც
სათუთად უნდა მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის
ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება, ეს არის ჩვენი ეროვნება, ეს არის
ჩვენი ენა ქართული, ჩვენი კულტურა, ჩვენი ლიტერატურა – პროზა და პოეზია,
ჩვენი არქიტექტურა, ქართული ხელოვნება და მრავალი სხვ.
საუკუნეების მანძილზე ქმნიდა ქართველი კაცი ამ კულტურას და დღეს
გაგვაჩნია უდიდესი სულიერი და კულტურული სიმდიდრე და თვალის ჩინივით
უნდა  გავუფრთხილდეთ მას!
უდიდესი საუნჯეა ჩვენი ქართული ენა! იგი უძველესი და უტკბესია, რაღაც
განსაკუთრებული მადლით მოსილი! როდის წარმოიშვა იგი? როდესაც ქართველი
კაცი გაჩნდა ამქვეყნად, აი, მაშინ წარმოიშვა ქართული ენაც! ქართული ენა
დიდებულია თავისი სიღრმით, თავისი ფილოსოფიური დატვირთვით, თავისი
უძველესი ფორმებით! ამაზე მეტყველებს ისეთი საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური შრომები, რომლებიც ჰქონდათ, მაგალითად, ეფრემ მცირეს, იოანე პეტრიწს, – ისინი გადმოცემულია ქართული ენით! ქართული ენა მდიდარია საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური ტერმინოლოგიითა და ისეთი სიტყვებით,
რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანს, ზედმიწევნით ზუსტად გამოთქვას
თავისი აზრი. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არის კაცობრიობის ერთ-ერთი
უძველესი ენა.
დღეს ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომელთა
აზრით არსებობს ე.წ. `ქართველური ენები”. მინდა გითხრათ, რომ არავითარი
ქართველური ენები არ არსებობს, არის მხოლოდ ერთი ენა ქართული, თავის
მრავალრიცხოვანი დიალექტით, როგორიცაა – სვანური, მეგრული, მესხური
და სხვა… ეს არის არა ცალკე ენები, არამედ ერთი ქართული ენის
განშტოებანი!
ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას! გავიხსენოთ იოანე ზოსიმეს
დიდებული სიტყვები, ქართული ენის შესხმა – “ქებაი და დიდებაი ქართულისა
ენისაი”. სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, იოანე ზოსიმე ამ
ქებაის ტექსტის გადამწერია და არა – ავტორი. მაშინ ეს შესხმა უფრო ძველიც
შეიძლება იყოს. იოანე ზოსიმეს უწერია, რომ `სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე
ჰქვიან”, იგი აღდგება, როგორც ოთხი დღის მკვდარი ლაზარე და გაბრწყინდება;
შემდეგ კი ჰიმნოგრაფი გვამცნობს, რომ მეორედ მოსვლის ჟამს ქართულითა
ენითა განისჯება სამყარო. ჩვენ ბევრი გვიფიქრია ამის შესახებ და, ალბათ,
თითოეულ თქვენგანსაც უფიქრია, თუ რით დაიმსახურა ქართულმა ენამ ესოდენი
პატივი? არსებობს წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ უკანასკნელ ჟამს
კაცობრიობა დაკარგავს სარწმუნოებას, ჩაეფლობა ცოდვებში და მხოლოდ
ქართველი კაცი დაიცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და აი, ამის გამო, როგორც
ჯილდო, ქართველ ერს მიეცემა ეს წყალობა ღვთისა, რომ საყოველთაო
განკითხვა ქართული ენის მოხდება.

მინდა მოგიწოდოთ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ღვთითბოძებულ ენას! დავიცვათ იგი და დავეუფლოთ მას! მოგეხსენებათ, ჩვენ გაგვაჩნია სამი დამწერლობა,სამი ანბანი, უძველესი მათ შორის არის ასომთავრული (ალბათ, იმაზე ადრეც იქნებოდა სხვა), შემდეგ –ნუსხა -ხუცური და მხედრული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ მეგულება არც ერთი ქვეყანა, სამი ანბანი რომ ჰქონდეს!

ზოგს თავისი დამწერლობაც კი არ გააჩნია! ამიტომ, ჩვენ მოვალენი ვართ, ვიცოდეთ
სამივე ანბანი, თავისუფლად უნდა ვკითხულობდეთ სამივე დამწერლობას. ხშირად
ჩვენი ახალგაზრდობა შედის რომელიმე უძველეს ტაძარში და არ შეუძლია
ასომთავრული და ხუცური წარწერების ამოკითხვა. მეტსაც გეტყვით, ამ 33 წლის
წინ, როცა სრულიად საქართველოს პატრიარქად მაკურთხეს, იშვიათად თუ
მოიძებნებოდა ადამიანი, ასომთავრული და ნუსხა-ხუცური რომ სცოდნოდა და
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჟამნსა და კონდაკს მხედრულად იწერდნენ და ასე
კითხულობდნენ ეკლესიაში. მე მათ ავუკრძალე ასეთი ქმედება და ამ სამივე
ანბანის სწავლა დავიწყეთ.

სამწუხაროა, რომ დღეს მრავალი პრობლემა აქვს ქართულ ენას.
არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, – ვინც ფიქრობს,
რომ სვანური, მეგრული და სხვა დიალექტები ქართული ენა არ არის, არამედ,
რაღაც ე.წ. ქართველური ენებია. ქართული ენა მხოლოდ ერთია, ამაზე
მეტყველებს ის ფაქტი, რომ არ არსებობს არც მეგრული და არც სვანური
დამწერლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნებოდა ამის მტკიცებულებები,
უძველესი ხელნაწერები. მაშასადამე, არის მხოლოდ ერთი ქართული ენა! ამის
საწინააღმდეგოდ ილაშქრებენ ის ადამიანები, რომელთაც განზრახული აქვთ,
თარგმნონს ქართულიდან სვანურად და მეგრულად წმინდა წერილი და სხვა
საეკლესიო წიგნები! ისინი დიდ შეცდომას უშვებენ და ნებსით თუ უნებლიეთერს
მტრობენ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მეგრული და სვანური
დიალექტები, მაგრამ ეს ოჯახებში უნდა მოხდეს.

ჩვენი ოფიციალური
სახელმწიფო, სალიტერატურო ენა კი არის ერთი – ქართული ენა.

ქართულმა ენამ გადაარჩინა ჩვენი ერი და ქართული ენა და ჩვენი
სარწმუნოება გადაარჩენს მას ასევე მომავალშიც. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ
კარგად უნდა ვიცოდეთ ქართული ენა, ჩვენი დამწერლობა, სამივე ანბანი.
ვფიქრობ, რომ დაწესებულებებზე წარწერა უნდა იყოს სამივე ქართული ანბანით.
ეს ხელს შეუწყობს ჩვენს მოსახლეობას, თვალი შეაჩვიოს და შეისწავლოს სამივე
დამწერლობა: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. მივმართავ ყველას,
განსაკუთრებით ჩვენს ბიზნესმენებს, თავიანთ დაწესებულებებს წარწერები
გაუკეთონ სამივე ანბანზე. ამით ჩვენ მივაღწევთ, რომ ერთ წელიწადში ყველას
ეცოდინება სამივე დამწერლობა.

მართლაც, საოცარია ქართული ენა და ხშირ შემთხვევაში, ქართული პოეზიის
თარგმნა შეუძლებელია, იმდენად ღრმა არის ქართული ენა. ქართული ლექსის
თარგმანი უცხოურ ენაზე ძალიან ფერმკრთალი და უბრალო გამოდის. ბევრს
უთქვამს შესხმა ქართული ენისა, მაგრამ ბოლო დროს ბრწყინვალედ გამოთქვა ეს
ირაკლი აბაშიძემ. მინდა, კიდევ ერთხელ გაიხსენოთ ირაკლი აბაშიძის ეს
სიტყვები ქართული ენის შესახებ: “ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ”…
სრულყოფილად რომ ვფლობდეთ ქართულ ენას, უნდა ვიკითხოთ ქართული
წიგნები. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, არც ერთმა დღემ არ განვლოს ისე, რომ
რამე არ წაიკითხოთ ქართული ლიტერატურიდან. აუცილებლად უნდა ვიკითხოთ
ჩვენი კლასიკა, – ამ წიგნებში არის დიდი სიღრმე.
დალოცვილი იყავით! გახსოვდეთ მუდამ, რომ ჩვენი ეროვნული
თვითშეგნება, ჩვენი ქართული ენა, მართლმადიდებელი სარწმუნოება
გადაარჩენს საქართველოს!

Posted in Uncategorized | Leave a comment

არდაშენი: უძველესი ქართველური ტოპონიმი

დოკუმენტური წყაროების მიხედვით არდაშენი არის საქართველოს ისტორიული მხარის – ლაზეთის – შავი ზღვის პირა ციხე-ქალაქის სახელი.
არდაშენი ამჟამად შედის თურქეთის რესპუბლიკის რიზეს ვილაიეთში.
არდაშენ – ფუძეში შესაძლებელია გამოიყოს არდ- ძირი და -შენ სუფიქსი. პირველ რიგში –არდ- სეგმენტის შესახებ:
ლოგიკურია, ვთქვათ, რომ –არდ- არის ძველი ურარტულ-ქართველური ღვთაების აღმნიშვნელი სახელის – არდის/ხალდის/ქალდის- ფუძე საიდანაც არის ნაწარმოები ქორონიმი “ქალდია” (ლაზეთის ძველი სახელი) და ეთნონიმი “ქართუელი”.
სავარაუდოდ, ვრცელ ხურიტულ-ურარტულ- ქართველურ სივრცეში (ვანის ტბიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირომდე) იყო გაფენილი წარმართული ღვთაების – არ-დი/ქართუ/ხალდის – მიხედვით შექმნილი ტოპონიმები.
ამოსავალი ფუძე ტრანსფორმირდა და შედეგად მივიღეთ რამდენიმე კანონზომიერი ფონეტიკური ვარიანტი:
*არდ – >ქარდ-/ქართ – ქართ-ლ-I, კარდ-ენ-ა-ხ-ი;
*არდ- > ვარდ- ვარდ-ციხე, ვარძ-ია(<ვარდ-ია);
*არდ- > * ქარდუ-/ქართუ- ქართუ-ელ-I;
*არდ-> არდ-/ართ- არდ-უბანი, ართ-ვინი (<ართ-ოვანი); ქარდ-/ქარტ-: არტ-ა-ან-I; შდრ., ლაზური დასახელება: არდიანი.
ამავე ძირს შეიძლება დაუკავშირდეს მართ-ალ- ფუძეც:
ართ- > მ-ართ-ალ, სადაც მ – - – ალ – წარმომავლობის მწარმოებელი კონფიქსია, შესაბამისად, მართალი – “ ღვთისნიერი” (შდრ.: ეგრისი – მ –ეგრ –ელ – ი).
რაც შეეხება ტოპონიმ არდაშენის ეტიმოლოგიას:
არდა-შე-ნი ფორმაში არსებული –შე-ნი სეგმენტი არის ლაზური მეტყველებისთვის დამახასიათებელი მორფემა, რომელიც დანიშნულებითობას გამოხატავს; შესაბამისად, -არდა-შენი სიტყვასიტყვით ნიშნავს: “არდისთვის აგებული ქალაქი”.
თავდაპირველად არდაშენი უნდა ყოფილიყო ზღვის მიმდებარე ციხე-ქალაქის სახელი, სადაც არსებობს უძველესი ქართული ეკლესია. ის ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ კი ჯიბისტასის უბანში (თურქულად – Kავაკდიბი) მდებარეობს და ბაზილიკური ტიპისაა; დღესდღეობით, შემორჩენილია მხოლოდ მისი კედლები. გარდა ამისა, იოსებ ყიფშიძის ცნობით, 1917 წელს, უშუალოდ არდაშენის ცენტრშიც მდგარა ერთი ძველი ტაძარი, რომელიც მოხატულიც კი ყოფილა. სავარაუდოდ, ის ამჟამად უკვე დანგრეული უნდა იყოს, რადგანაც არდაშენის ცენტრალური უბანი გასული საუკუნის 60-იან წლებში ხელახლა განაშენიანდა.
არდაშენი უხსოვარი დროიდან XVI საუკუნემდე ქართველთა სახელმწიფოს ნაწილი და მცხეთის საკათალიკოსოს საეპისკოპო კათედრა იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ უცხოეთში შექმნილი რუკებში რიზემდე ტერიტორია არ შედის ბიზანტიის იმპერიაში;

სტატიის ავტორი ტარიელ ფუტკარაძე

Posted in Uncategorized | Leave a comment

ქართული ენის 17–მდე დიალექტი

ქართული ენა მოიცავს 17-მდე ნაცნობ დიალექტს, ისინი ძირითადად 2 ჯგუფში არიან განაწილებული, ესენია: დასავლური და აღმოსავლური. ისინი ერთმანეთისგან შემდეგი ასპექტებით განსხვავდებიან: მორფოლოგიურად, სინტაქსურად, ფილოლოგიურად და ლექსიკონით. მიუხედავად ასეთი განსხვავებებისა, ნებისმიერი დიალექტი აგებულია სტანდარტული ენის სტრუქტურაზე. რამოდენიმე დიალექტის ჩამოყალიბებაზე გავლენა მეზობელი ქვეყნების(აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი) ენებმა მოახდინეს. ალბათ ყველას გსმენიათ ინგილო, ესეც არის ერთ-ერთი დიალექტი რომელზეც აწ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები საუბრობენ. ეს ტერიტორია მდებარეობს ალაზნის ხეობის ნაწილზე. კიდევ ერთი “დამტვრეული ქართულის” სამშობლოა კლარჯეთი- ტერიტორია შეტყაპუნებული თურქების მიერ. მე-3 ობიექტი უცხოურ-ქართული დიალექტისა არის ფერეიდნული ქართული. ხალხი რომელიც ამ ენაზე საუბრობს ცხოვრობს ირანის ტერიტორიაზე. ისინი წარმოადგენენ მე-17 საუკუნეში შაჰ-აბასის მიერ გადასახლებული კახელების შთამომავლობას. ქართული დიალექტების ჩამოყალიბებაზე უცხოელებთან ერთად, რა თქმა უნდა, ქართველებიც “ზრუნავდნენ”. ჩვენი ქვეყნის მთიან რეგიონებში ხალხი ისეთ დონეზე ამარტივებს ქართულ ენას, რომ მათ თავიანთი დიალექტები შექმნეს.

ქართული დიალქტების კლასიფიკაცია ხდება მათი გეოგრაფიული არეალის მიხედვით, ქართველ ხალხთა ტრადიციული ეთნოგრაფიული ქვედანაყოფის მიხედვით. დასავლურ და აღმოსავლურ დიალექტებს შორის ზოგიერთ მეცნიერი გამოჰყოფს ასევე სამხრეთის ჯგუფსაც. სულ ხუთი ქვეჯგუფია:

ჩრდილოაღმოსავლეთის დაილექტები:

მოხევური
მთიულურ-გუდამაყრული
ხევსურული
ფშავური
თუშური

აღმოსავლური დიალექტები :

კახური
ინგილოური
ფერეიდნული
თიანეთური


ცენტრალური (
შუა) დიალექტები :

ქართლური
ჯავახური
მესხური

 

 

სამხრეთდასავლური დიალექტები:

გურული
აჭარული
იმერხევული

ჩრდილოდასავლური დიალექტები :

იმერული
ლეჩხუმური
რაჭული

სხვა დიალექტები: ყიზლარ-მოზდოკური დიალექტი (აწ დაკარგული) გამოიყენებოდა ჩრდილოცენტრალური კავკასიაში ყიზლარისა და მოზდოკის რეგიონებში იმ ქართველთა შორის, რომლებიც საქართველოდან გადაიხვეწნენ ოსმალეთის ოკუპაციის დროს მე-18 საუკუნის დასაწყისში. შერეული იყო რამდენიმე ქართული დიალექტისა რუსულ ნასესხებ სიტყვებთან. მოგვიანებით ჯგუფმა რუსიფიკაცია განიცადა და დიალექტი დაიკარგა.

იუდაურ-ქართული, გრუზინული – ენა, რომელზეც ქართველი ებრაელები საუბრობდნენ. ფონეტიკურად, მორფოლოგიურად და სინტაქსურად ქართულია, ლექსიკურად ქართულ-ივრითის ნარევი.

Posted in Uncategorized | Leave a comment

ქართული ენის უნიკალურობის შესახებ

მსოფლიოში რამდენიმე ათასი ენაა; ამბობენ, ხუთიათასამდეო. უფრო ზუსტად ამ რიცხვის დასახელება შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ყველა ენა ცნობილი და შესწავლილი იქნება. მსოფლიოში არის ენები, რომლებიც რამდენიმე ხალხს ემსახურებიან. მაგალითად, ინგლისური – ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ესპანური – ესპანეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და სხვა. მრავალი ენა მხოლოდ ერთი ხალხის ენად ითქმის. ასეთია ქართული ენაც:

ქართული ენა ქართველი ხალხის დედაენაა!


მსოფლიოში არსებულ ენებს აჯგუფებენ საერთო წარმომავ-ლობის მიხედვით. საერთო წარმომავლობა გულისხმობს იმას, რომ ეს ენები ერთი ენის განშტოებაა. საერთო წარმომავლობის ენებს მონათესავე ენებს უწოდებენ. მონათესავე ენები ამა თუ იმ ენის ისტორიული დიალექტებია (ეთნიკურ-ტერიტორიული ნაირსახეობებია), რომელთა შორის ენობრივი განსხვავება დროთა განმავლობაში იმდენად გაიზარდა, რომ დიალექტები დამოუკიდებელ ენებად ჩამოყალიბდა. მაგალითად, ასე მივიღეთ ფრანგული, იტალიური, ესპანური, რუმინული და სხვა მონათესავე ენები. მონათესავე ენათა ერთობას ენათა ოჯახს უწოდებენ. მსოფლიოში ცნობილი ენათა ოჯახებია: ინდოეოროპულ ენათა ოჯახი, თურქულ-ალათაურ ენათა ოჯახი, სემიტურ ენათა ოჯახი და სხვა.

რომელი ენის მონათესავეა ქართული ენა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას უძველესი დროიდან ცდილობდნენ. ზემოთ ვთქვით, ჰეროდოტე (V ს. ძვ. წ.) ქართულ ენას ეგვიპტურთან აკავშირებდა. იყო სხვა მითითებებიც. XVII-XVIII საუკუნეებში ეს საკითხი უფრო აქტიური გახდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეცნიერი გამოთქვამდა თვალსაზრისს ქართული ენის წარმოშობის თაობაზე,. XIX ს-ში ქართულის დაკავშირება  სცადეს ევროპულ ენებთან. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი მეცნიერები (მარი ბროსე, ფრანც ბოპი…) სერიოზულად ცდილობდნენ ამ თვალსაზრისის დასაბუთებას; ევროპაშივე გაჩნდა აზრი ქართული ენის განკერძოებულობის შესახებ.


1864 წელს ფრიდრიხ მიულერმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ასაბუთებდა, რომ ქართულ-კავკასიური ენები წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ ენათა დიდი ჯგუფის გადმონაშთს. ეს თვალსაზრისი გაზიარებული იქნა და დღემდე მიიჩნევა სარწმუნო პოზიციად: ქართული ენა არ ენათესავება მსოფლიოში ცნობილ ენათა ოჯახებს. ქართულის მონათესავე ენებია კავკასიის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხების ენები: ქართველური (სვანური, მეგრულ-ლაზური) ენები, აფხაზურ-ადიღეური ენები, ჩაჩნურ-ინგუშური ენები და დაღესტნის ენები. ენათა ამ ჯგუფს მეცნიერებაში იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს უწოდებენ. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერული ტერმინია და არ უდრის გეოგრაფიულ ტერმნის კავკასიის ენები: კავკასიაში მოსახლე ხალხების – სომხების, აზერბაიჯანლების, ოსების – ენები არაა ამ ოჯახის წევრი ენები.

იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში 30-ზე მეტი ენაა. ეს ენები უთავრესად კავკასიის ტერიტორიაზე მოსახლეობენ. ამ ენათა ოჯახში ოთხ ჯგუფს გამოყოფენ:

1. ქართველურს (ქართული, სვანური, მეგრული-ლაზური),

2. აფხაზურ-ადიღეურს (აფხაზური, აბაზური, ჩერქეზული, ყაბარდოული),

3. ნახურ ჯგუფს (ჩაჩნური, ინგუშური, ბაცბური),

4. დაღესტნური (ხუნძური, ანდიური, დიდოური, ლაკური, დარგუული…).

დიდი ხანია, მეცნიერებაში წამოყენებულია შეხედულება ქართული ენის გენეზისური კავშირის შესახებ წინააზიისა და შუამდნიარეთის ძველი ცივილიზაციის ენებთან – ურარტულთან, ჰურიტულთან, ხეთურთან, ელამურთან, შუმერულთან, პელაზგურთან… ყველა ეს ენა დღეს მკვდარი ენაა.

ქართულ ენას გენეტიკურად უკავშირებენ ბასკურ ენას. ესაა ერთადერთი ენა, სავარაუდოდ, ქართული ენის მონათესავე ენათა შორის, რომელიც არ არის კავკასიაში. ბასკეთი პირინეის ნახევარკუნძულზეა; ორი მესამედი ბასკებისა ცხოვრობს ესპანეთში, ერთი მესამედი – საფრანგეთში.

ბასკურ-ქართული ჰიპოთეზა 20 საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. ამ ჰიპოთეზამ  განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში მოიპოვა პოპულარობა. მრავალი კითხვა იჩენს თავს ამ საკითხის განხილვისას. უპირველესად, ასე დაშორებულ ტერიტორიებზე როგორ მოხვდნენ მონათესავე ენები? არსებობს სხვადასხვგვარი ახსნა. ფაქტი ერთია: აშკარაა მსგავსება ენობრივი თვალსაზრისით; და არა მხოლოდ ენობრივი…

ქართული ენა სალიტერატურო ენაა. უძველესი ლიტერატურული ძეგლები, ამ ენაზე შექმნილნი, V საუკუნით თარიღდება. იაკობ ხუცესის (Vს.) “შუშანიკის წამებიდან” მოყოლებული დღემდე შეგვიძლია თვალი გავადევნოთ სალიტერატურო ქართული ენის განვითარების ისტორიას. 16 საუკუნის მანძილზე ქართული სალიტერატურო  ენა იცვლება, იხვეწება, ვითარდება. მან მიაღწია სრულყოფილ დონეს. ქართული ენა დღეს, შეიძლება ითქვას, არის ერთ-ერთი ცივილიზებული, მაღალგანვითარებული სალიტერატურო ენა.

ქართული ენა არის საფუძველი ქართველთა ერთობისა; ქართველთა ძლიერებისა; ქართველთა უკვდავებისა.ქართული ენა უზრუნველყოფს მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის ერთობას.ქართული ენა არის ქართველეთა “ღვთაებრივი საუნჯე” (ი. ჭავჭავაძე), “უმთავრესი ბურჯი ეროვნებისა” (ი. გოგებაშვილი).

ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა. საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, აფხაზეთში, ქართულთან ერთად აფხაზურიც ითვლება სახელმწიფო ენად.

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, განვითარების ხელშეწყობას, მის ფუნქციონირებას, სწავლებას და მეცნიერულ შესწავლას.

Posted in Uncategorized | Leave a comment